რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ბუქარესტის მიერ რუსეთის გენერალური კონსულის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასა და კონსტანცაში გენერალური საკონსულოს დახურვაზე მოსკოვის პასუხი „მალე იქნება“.
მისი თქმით, აღნიშნულ ნაბიჯებს შესაბამისი საპასუხო ზომები მოჰყვება.
ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ რუმინეთში დრონთან დაკავშირებული ინციდენტის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ყურადღების გადატანას სხვა მოვლენებიდან.
ცნობისთვის, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. რუმინეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის დრონის შეჭრის გამო მიიღეს, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა.