პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.
პატიმრობას დაკავებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა. ხოლო ადვოკატებმა პოლიციელების გათავისუფლების შუამდგომლობები დააყენეს:
„ასეთ ასაკში პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა“ - ძალადობაში მხილებული 19 წლის პოლიციელის ადვოკატი
ძალადობაში მხილებული პოლიციელი, ვანო მისირელი ჩადენილს ნანობს და პატიებას ითხოვს.
სხდომას დაკავებული არც ერთი პოლიციელი არ ესწრებოდა.
წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს, 12:00 საათზე ჩატარდება.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.