აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილით მიმართა. დოკუმენტის ასლი მან X-ზე პარასკევს, 22 მაისს გაავრცელა.
მისი თქმით, გადადგომის მიზეზი პირადი გარემოებაა - მის მეუღლეს, აბრაამს, დაუდგინდა ძვლის კიბოს იშვიათი ფორმა.
„სამწუხაროდ, იძულებული ვარ, თანამდებობა დავტოვო 2026 წლის 30 ივნისს“, - წერს გაბარდი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხის სამსახური ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოზიციაზე მისთვის დიდი პატივი იყო.
„სამწუხაროდ, იძულებული ვარ წარვადგინო ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ, რომელიც ძალაში 2026 წლის 30 ივნისიდან შევა. ჩემს მეუღლეს, აბრაამს, ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. მომავალ კვირებსა და თვეებში მას უდიდესი გამოწვევების გადალახვა მოუწევს. ამ ეტაპზე მე უნდა ჩამოვშორდე საჯარო სამსახურს, რათა ვიყო მის გვერდით და სრულად დავუჭირო მხარი ამ ბრძოლაში.... მისი ძალა და სიყვარული მამხნევებდა ყოველი გამოწვევის დროს. მე არ შემიძლია სუფთა სინდისით ვთხოვო მას, რომ მარტო შეხვდეს ამ ბრძოლას, სანამ მე ამ მომთხოვნ და შრომატევად პოზიციაზე ვაგრძელებ მუშაობას“, - განმარტავს გაბარდი.
ამასთან, გაბარდი მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალი კვირების განმავლობაში უზრუნველყოს საქმეების საფუძვლიანი გადაბარება, რათა პრეზიდენტის გუნდმა არანაირი შეფერხება არ იგრძნოს.
ტულსი გაბარდი მადლობას უხდის პრეზიდენტს.
„სამუდამოდ მადლობელი დავრჩები თქვენი და ამერიკელი ხალხის წინაშე იმ უდიდესი პატივისთვის, რასაც ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნა ჰქვია“, - წერს გაბარდი.