აშშ-ის სამხრეთის სარდლობამ განაცხადა, რომ კარიბის რეგიონში ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა.
სარდლობის ცნობით, ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ავიამზიდი USS Nimitz, Carrier Air Wing 17-ის საავიაციო ჯგუფი, გამანადგურებელი USS Gridley და მომარაგების ტანკერი USNS Patuxent.
სარდლობაში აღნიშნეს, რომ ეს ძალები „საბრძოლო მზადყოფნის განსახიერებაა“ და აჩვენებს „შეუდარებელ მოქმედების რადიუსსა და დამანგრეველ ძალას, ასევე სტრატეგიულ უპირატესობას“.
„USS Nimitz-მა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაამტკიცა თავისი საბრძოლო შესაძლებლობები - ტაივანის სრუტიდან სპარსეთის ყურემდე, სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიის დაცვის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კუბის ყოფილი პრეზიდენტისა და ფიდელ კასტროს უმცროსი ძმის, 94 წლის რაულ კასტროს ასევე კიდევ ხუთი პირის წინააღმდეგ ბრალდებები გაასაჯაროვა.
მათ აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობას ედავებიან.