„ვისურვებდი, ბრიუსელის ჩინოვნიკებები სერიოზულად მიუდგნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში, ვინაიდან ვხედავთ, რომ დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ევროკავშირში, რაც ეხება გამოხატვის თავისუფლებას. არა მხოლოდ ჩვენ ვხედავთ, აშშ-სგანაც მიიღეს კიდევ უფრო მწვავე კრიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, რა შედეგი მოჰყვება ღია წერილს, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას მიმართავს.
„კოპენჰაგენი არ არის ცალკეული გამონაკლისი, იგივე სურათები ვიხილეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში მშვიდობიანი მიტინგების დარბევის დროს. კოპენჰაგენში განსაკუთრებული ბრუტალურობა იყო, როდესაც ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, მაშინ როდესაც არავისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. მათ შორის, როგორც ჩანს, დანიის პოლიცია არ აპირებს, გამოიძიოს ეს დარბევა. მნიშვნელოვანია, გამოძიებული იქნას და დამნაშავეები იყვნენ დასჯილი. კიდევ ერთხელ გავიხსენებ ერთ საკითხს, რომელზეც ადრეც მისაუბრია. ეს ეხება დანიას. დანიის შემთხვევაშიც ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. მას ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მძიმე ისტორია აქვს.
დანიის ხელისუფლებამ ათწლეულების განმავლობაში, 90-იანი წლების ჩათვლით გრენლანდიის ქალი მოსახლეობის ნახევრის იძულებით და მოტყუებით სტერილიზაცია განახორციელა, მაშინ როდესაც დანია უკვე ევროკავშირის წევრი იყო. გარდა ამისა, ატარებდა სოციალურ ექსპერიმენტებს გრენლანდიელ ბავშვებზე, რომლებსაც იტაცებდნენ, ოჯახებიდან გამოჰყავდათ და მშობლიურ ენაზე საუბარს უკრძალავდნენ. სოციალური ექსპერიმენტი იყო, რომ აღეზარდათ ჭეშმარიტ დანიელ მოქალაქეებად. მთელი ეს სისტემა, რომელიც შეფასებული იქნა, ასევე როგორც გენოციდი ზოგიერთი გრენლანდიელი პოლიტიკოსის მხრიდანაც, დანიაში დღემდე არ არის გამოძიებული და არავინ არის დასჯილი გენოციდთან გათანაბრებული ამ დანაშაულების გამო. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ქვეყნიდან წარმომადგენლები შემდეგ სხვებს ესაუბრებიან რაიმე სტანდარტებზე.
ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი იმ კომპლექსებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, მოეხვიათ ქართველი ხალხისთვის, თითქოს ჩვენ ვართ მეორეხარისხოვანი ერი, ბოლომდე არგანვითარებული, თითქოს დანიამ, გერმანიამ თუ სხვა ქვეყანამ უნდა გვასწავლოს, როგორია სწორი ცხოვრება, სწორი ევროპელობა, როგორ არის სწორად ქვეყნის შენება. იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მოვიცილოთ გარედან ძალად მოხვეული კომპლექსი, რომ ჩვენ თითქოს მოწაფეები ვართ და კლასის დამრიგებლებად გვყვანან ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც გენოციდთან გათანაბრებული დანაშაულები აქვთ ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და დღემდე არ აქვთ ეს საკითხები გამოძიებული. დანიაში დღემდე არავინ არის დასჯილი იმ სისტემური დანაშაულისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ დანიაში ხდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.