დასრულდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ცოტა ხნის წინ დასრულდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი.
საგულისხმოა, რომ შსს ამ სხდომაზე მზიას დაკავების ერთადერთ საფუძვლად სწორედ მის იდენტიფიცირებას ასახელებდა.
საინტერესო მომენტი სხდომაზე ის იყო, რომ, შსს-მ ჩვენს ადვოკატს რიტორიკულად ჰკითხა, რომელ <<ალტერნატიულ>> რეალობაში ხდებოდა, რომ ადამიანის იდენტიფიცირების მიზნით, მისი დაკავება უკანონოდ ეცნოთ?! (ციტირება არ არის, პერიფრაზია).
დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ხდება ასე, როდესაც თუნდაც ადამიანის ვინაობის დადგენის მიზნით მისი დაკავება არა პირველი, არამედ რიგით ბოლო ღონისძიებაა. თუმცა ეს, როგორც ჩანს, ნამდვილად ალტერნატიული რეალობაა იქ, სადაც პროტესტის კონტექსტში ადამიანების დაკავება რუტინული ყოველდღიურობაა.
ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში უკვე გასაჩივრებული გვაქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, და დაკავების კანონიერების განხილვის ამ ამბავსაც, ბუნებრივია, ვაცნობებთ სასამართლოს.
რეალური მართლმსაჯულება მზია ამაღლობელის საქმეზე მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოში იქნება, ვინაიდან ის არის პოლიტიკური პატიმარი“, - წერს თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.