4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.
შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ მის ადვოკატს საბოლოო სიტყვის სასამართლოში წაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცა, რის გამოც საკუთარი განცხადების საჯაროდ გავრცელება გადაწყვიტა.
"დღეს დასრულდა ივანიშვილის სასამართლო - და მურუსიძის „ნოტარიუსმა“ სასჯელები ისე ჩამოარიგა, წარბიც არ შეუხრია.
სამწუხაროდ, ჩემს ადვოკატსაც კი არ მისცეს უფლება, ჩემი საბოლოო სიტყვა წაეკითხა სასამართლოში.
ამიტომ, აქ გავაზიარებ.
P.S აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ამ ბინძური და უსამართლო საქმის შემსრულებელი სათანადო პასუხს აგებს“,- წერს შაიშმელაშვილი და წერილის ფოტოებს ავრცელებს.
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.