ურბნისისა და რუისის ეპისკოპისი, მეუფე იობმა განაცხადა, რომ ჩარევები ხდება. ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესიაზე არის ზეწოლაც.
მისი თქმით, რეფორმები უნდა გატარდეს და ამასთან დაკავშირებით რუის-ურბნისის საეკლესიო კრება უნდა იყოს მოწვეული.
"მე ჩემი ხედვები უკე წერილობით მაქვს დაფიქსირებული და ალბათ გაფართოებულ სხდომაზე ვიტყვი. ახლა დროში ვერ ჩავეტევი. ცვლილებები უნდა მოხდეს, რეფორმები უნდა გატარდეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მიმართულებით, ჩვენ გვაქვს რუის ურბნისის საეკლესიო კრება და ეს კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში", - აღნიშნა მეუფემ
ეკლესიაში გარე ჩარევასთან დაკავშირებით, მეუფე იობმა განაცხადა:
"ნუ ფაქტიურად, ეს ყველამ ვიცით, რომ არის ჩარევები და ხდება კიდეც. ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება. კონკრეტულად ვერაფერს გამოვყოფდი. მე მინდოდაა, რომ მიეღო მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაისაც. წესდება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს წესდება შესაცვლელია და უნდა შევცვალოთ მომავალში, რადგან ეს შეღუდვები არ უნდა იყოს, არც წლოვანებასთან და არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით", - თქვა მეუფე იობმა.
ამასთან, მისი თქმით, მოპარულია მისი დიპლომი.
"მოპარულია დიპლომი და დღესდღეობით აღდგენილია უკვე. მე ჩემი თვალით ვნახე, საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც", - თქვა მან.
როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან განმარტა, საპატრიარქოდან დაურეკეს და დიპლომის წარდგენა სთხოვეს, თუმცა მან დიპლომი იქ ვერ ნახა, სადაც ეგულებოდა.
„დამირეკეს საპატრიარქოდან. მეუფე თეოდორემ მითხრა, აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ თქვენი დიპლომიო, სასულიერო სასწავლებლის დამთავრების დიპლომიო და როდესაც მე წავედი, სადაც იყო და სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ იყო“, - განაცხადა მეუფე იობმა.