შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 მაისს განაცხადა, რომ 4 მაისიდან ამერიკელი სამხედროები დაიწყებენ კომერციული ხომალდების ესკორტირებით გაყვანას ჰორმუზის სრუტიდან, რომელთაც თეირანის გადაწყვეტილებით შეზღუდული ჰქონდათ სრუტეში მიმოსვლა.
ტრამპის თქმით, ოპერაციას „თავისუფლების პროექტი“ ეწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი ჰუმანიტარულ ძალისხმევად შეაფასა, რათა დახმარებოდა ასობით ხომალდის ეკიპაჟს, რომლებიც „ჩარჩნენ“ სრუტეში, სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან.
AXSMarine-ის ცნობით, 29 აპრილის მდგომარეობით, ყურეში 900-ზე მეტი სავაჭრო გემი იმყოფებოდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, 100-ზე მეტი საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალება, უპილოტო პლატფორმები და 15 000 სამხედრო მოსამსახურე. ჩარჩენილ ტანკერებსა და სატვირთო გემებზე დაახლოებით 20 000 მეზღვაური იმყოფება - ძირითადად ინდოეთის და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ეკიპაჟის წევრები იუწყებიან, რომ გემებს სასმელი წყლის, საკვებისა და სხვა მარაგების დეფიციტი აწუხებთ.
ტრამპის განცხადებით, „თუ ეს ჰუმანიტარული პროცესი რაიმე ფორმით შეწყდება, სამწუხაროდ, ეს ჩარევა ძალის გამოყენებით უნდა შეწყდეს“.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ ტრამპის განცხადებას „ბოდვა“ უწოდა. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელმა, ებრაჰიმ აზიზიმ, სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვებში ამერიკის ნებისმიერი ჩარევა 8 აპრილს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.
ირანის მიერ სრუტის ბლოკადამ, რომელიც ომის დაწყების შემდეგ დაწესდა, ნავთობის, გაზისა და სასუქის გლობალური ბაზრები შეაჩერა. თეირანის ამ ნაბიჯს აშშ-მა ირანის პორტებზე კონტრბლოკადის დაწესებით უპასუხა. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ჩიხში შევიდა.