გუშინ, ირაკლი კობახიძემ გააგრძელა ფასების შემცირების ჩავარდნილი კამპანიის ტყუილებით გადარჩენის მცდელობა, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"გუშინ, ირაკლი კობახიძემ გააგრძელა ფასების შემცირების ჩავარდნილი კამპანიის ტყუილებით გადარჩენის მცდელობა და აღნიშნა, რომ 500 გრამი საქონლის და ღორის ხორცის 10 ლარად შესყიდვა, ხოლო 10 კვერცხის 4 ლარად და 60 თეთრად არის შესაძლებელი.
აქამდე ქართულმა საზოგადოებამ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, თუმცა გაირკვა, რომ ის არცერთ ბაზარში თუ სუპერმარკეტში არ ყოფილა წლებია და წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირი და ხელმიუწვდომელია კვების პროდუქტები.
ტყუილი N1: 500 გრამი საქონლის ხორცის ყველაზე მინიმალური ღირებულება ნებისმიერ ბაზარში თუ სუპერმარკეტში არა 10, არამედ 15 ლარს შეადგენს.
500 გრამი საქონლის ხორცის ფასი სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში:
ორი ნაბიჯი - 16
ფრესკო - 15.50
კარფური - 14.50
გუდვილი - 17.50
წერტი - 22.15
10 ლარად ბაზარშიც შეუძლებელია საქონლის ხორცის შესყდივა.
თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ 500 გრამი საქონლის ხორცი 1 ოჯახისთვის საკმარისი არ არის და დიასახლისმა მინიმუმ 1 კილოგრამი ხორცი უნდა შეისყიდოს, კერძის მოსამზადებლად და ოჯახის გამოსაკვებად.
ტყუილი N2: კვერცხი ქართული ოცნების ჩავარდნილი კამპანიის სიმბოლოა, რადგან იანვარში 5.5%-ით გაძვირებული კვერცხი, თებერვალში კომპანიებმა კეთილი ნების ჟესტის სახით 5%-ით გააიაფეს, ანუ რეალურად ფასი კი არ შემცირდა, იგივე გახდა რაც 1 იანვარს იყო.
ამასთანვე, წინასწარ არის ცნობილი, რომ ელექტროენერგიისა და საწვავის ფასის გაძვირების გამო, კვერცხის ფასი მალე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი შეურაცხყოფაა, მოსახლეობისთვის, რომელიც ყოველდღიურად ლუკმა პურისთვის იბრძვის და მათი შემოსავლის ძირითადი ნაწილი საჭმელში მიდის, მათი უკიდეგანო შეურაცხყოფაა, რომ მანიპულირება მოახდინო ფასებით და ილაპარაკო იმ ფასებით, რომელიც რაღაც კონკრეტულ სუპერმარკეტებში კონკრეტულ დღეებში ფსდაკლებაზე აქვთ, ფაქტობრივად, ჩამოწერილ პროდუქციაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს, რომ ისეთი ხორცი უნდა ჭამონ, რომელსაც ორ დღეში ვადა გაუვა, ისეთი ხორცით უნდა კვებონ შვილები, რომელსაც რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი ვადა, ისეთი კვერცხი უნდა აჭამონ, რომელიც პირველ კატეგორიაში გადის და არც ზომაში და არც ხარისხში არაფერში ჯდება.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა კი მრავლისმეტყველია: 2026 წლის მარტში, ფასების შემცირების ნაცვლად, წლიური ინფლაცია სურსათზე 7.5% იყო.
კერძოდ, გაძვირდა თევზეული - 21.2%, ხილი 13.4%, პური და პურპროდუქტები 9.6%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.6%, ზეთი და ცხიმი 7.7%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5.3%, ბოსტნეული და ბაღჩეული 4.9%, რძე, ყველი და კვერცხი 4.5%.
"ქართული ოცნების" მიერ ფასების შემცირების დაანონსებას, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყოლია და ქვეყანაში ფასები ასტრონომიულად იზრდება, რაც თითოეულმა თანამოქალაქემ ნახა სააღდგომო შესყიდვებისას, - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.