პენტაგონი, შესაძლოა, ტრამპს ომის შესახებ სრულ სურათს არ აწვდიდეს. ამის შესახებ The Atlantic წერს. გამოცემის თანახმად, დახურულ შეხვედრებზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა არაერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ომის დეპარტამენტის მიერ ირანთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა და ამერიკული რაკეტების მარაგების საკითხი დასვა.
ორი მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, ვენსი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პენტაგონის მიერ მიწოდებული მონაცემების სანდოობას. ასევე, რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარში გამოთქვა შეშფოთება გარკვეული სარაკეტო სისტემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საბრძოლო მარაგების მკვეთრი შემცირება შესაძლოა სერიოზულ რისკებს ქმნიდეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში აშშ ამავე მარაგებს იყენებს ტაივანის დასაცავად ჩინეთისგან, სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეისგან და ევროპისთვის რუსეთისგან.
ომის მდივანი პიტ ჰეგსეთი და გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე დენ კეინი საჯაროდ აცხადებენ, რომ აშშ-ის სამხედრო მარაგები საკმარისია და ირანული ძალების წინააღმდეგ ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს.
თუმცა შიდა შეფასებები, რომლებზეც წყაროები მიუთითებენ, აჩვენებს, რომ კრიტიკული საბრძოლო მასალების მარაგები მნიშვნელოვნად შემცირებულია, მათ შორის საჰაერო თავდაცვის რაკეტები და შეტევითი შეიარაღება.
წყაროების თქმით, ამ რეზერვების შემცირებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს აშშ-ის უნარზე, რეაგირება მოახდინოს შესაძლო კონფლიქტებზე ჩინეთთან, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან, რადგან იგივე ტიპის იარაღი გამოიყენება სხვადასხვა რეგიონში.