როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო და რამდენად არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები.
შეკითხვაზე, რა იყო დიპლომატის განცხადებაში მუქარის შემცველი, ბოჭორიშვილმა თქვა, რომ "მიუღებელია ყველაფერი ის, რაც საზოგადოებაში აღვივებს პოლარიზებას".
„ის განცხადებები, ქმედებები, ნაბიჯები, რომელიც ბრიუსელის მხრიდან იდგმება, ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ვხედავთ, არის მიუღებელი და მიმართულია ამ საზოგადოებაში პოლარიზაციისკენ. მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ჩვენს საზოგადოებაში აღვივებს პოლარიზებას და მიუღებელია რადიკალური დღის წესრიგის წახალისება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩვენზე, ქართველებზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება და გაიგებს, რომელ გზაგასაყარზე დგას ეს ქვეყანა. ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. ხელისუფლება წარმოადგენს იმ ხალხის ნებას, რომელზეც ასე ღელავენ. შესაბამისად, ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო, რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება ამ საზოგადოების პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ასევე, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, მოისმინა თუ არა ელჩისგან განმარტება პაველ ჰერჩინსკის მხრიდან მის განცხადებაზე, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ აქვთ მოლოდინი, რომ ბრიუსელიდან ის დამოკიდებულება იქნება, რასაც საქართველო იმსახურებს.
„როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი! მას ევროკავშირთან მიმართებით არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ჩვენც მოველით, რომ ბრიუსელიდან ის დამოკიდებულება იქნება, რასაც საქართველო იმსახურებს - კეთილსინდისიერ ურთიერთობაში. ამას ვერ ვხედავთ ამ ეტაპზე და ამის გამოხატულებაა ის ნაბიჯებიც, რასაც ვხედავთ. თუ გვინდა, რომ ურთიერთობები ისევ ნორმალურ რეჟიმში გადავიდეთ, მინიმუმ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და მინიმუმ უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ეს ურთიერთობები, რომელსაც ასეთი განცხადებები, არყევს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.