რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მზად არის შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. თუმცა მისი თქმით, ასეთი შეხვედრა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს შედეგიანი, თუ ის შეთანხმებების საბოლოო გაფორმების ეტაპზე გაიმართება.
პესკოვის თქმით, მთავარი საკითხია შეხვედრის მიზანი.
„რატომ უნდა შევხვდეთ? პუტინმა თქვა, რომ მზად არის მოსკოვში ნებისმიერ დროს შეხვდეს. მთავარი არის, რომ შეხვედრას ჰქონდეს აზრი და შედეგი. ასეთი შეხვედრა შეიძლება მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ გაფორმდეს შეთანხმებები,“ — განაცხადა მან.
ამასთან, პესკოვის თქმით, მოსკოვი ვერ ხედავს უკრაინის მხრიდან „კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ ნებას“.
მისივე განცხადებით, რუსეთი მზად არის ამერიკელი მომლაპარაკებლები „ხვალვე მიიღოს“.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთთან დროებით გადადებულია.
თუმცა მან აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, მაგრამ არა მოსკოვში ან კიევში.
ზელენსკის თქმით, ასეთი შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში ან აშშ-ში.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმირ პუტინს ნებისმიერ ქვეყანაში შეხვდეს, რუსეთისა და ბელარუსის გარდა.