სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს "ქოცი", "რუსი", "აკაცუკი", "ნაცის" ძახილით, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაციიდან გამოსავალი დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაა.
"მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, ანუ მეორე მხარეს, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია.
პირიქით, როდესაც ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან საუბარს აზრი არ აქვს, სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, თუ გვაერთიანებს ის საერთო ღირებულება - ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს "ქოცი", "რუსი", "აკაცუკი", "ნაცის" ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.