ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ დამატებით პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართული პირდაპირი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს ურთიერთშეთანხმებულ დროსა და ადგილას.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიულოცა ორივე ქვეყანას ამ „ისტორიული ეტაპის“ მიღწევა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს შემდგომ მოლაპარაკებებს, ასევე ლიბანის მთავრობის გეგმას, აღადგინოს ძალის გამოყენების მონოპოლია და შეამციროს ირანის გავლენა ქვეყანაში. ვაშინგტონმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები 2024 წლის შეთანხმების ფარგლებს გასცდება და გადაიქცევა სრულმასშტაბიან სამშვიდობო შეთანხმებად. აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი „ჰეზბოლას“ განუწყვეტელი თავდასხმებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თავის მხრივ , ისრაელმა გამოხატა მზადყოფნა ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში, რათა გადაიჭრას ყველა არსებული საკითხი და მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა, რომელიც გააძლიერებს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას რეგიონში.
ლიბანის სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი 2024 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების დაცვას, ასევე მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა და კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად.