ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ მიულოცა პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და განაცხადა, რომ „უნგრეთის ხალხმა თავისი ევროპული კურსი დაიბრუნა“.
შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული 17 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის განბლოკვის, რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის, „დრუჟბას“ ნავთობსადენთან დაკავშირებით დავისა და კიევისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით პიტერ მადიარის მთავრობასთან მუშაობას, ევროკომისიის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მზად არის მუშაობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს“.
„მზად ვართ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობასთან მუშაობა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ, რათა უნგრელი ხალხის სასიკეთოდ სწრაფი პროგრესი გვქონდეს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ბოლო გამოცდილება და კვლავ გამოთქვა მხარდაჭერა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ვეტოს გაუქმების იდეის მიმართ.
„ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკაში კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღებაზე გადასვლა მნიშვნელოვანი გზაა, რათა თავიდან ავიცილოთ სისტემური ბლოკირებები, რაც წარსულში ვნახეთ. ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და წინ წავიწიოთ ამ საკითხში,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.