აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რადგან თეირანმა უარი თქვა ბირთვული იარაღის მოპოვებაზე მკაფიო ვალდებულების აღებაზე.
ამის შესახებ ვენსმა პაკისტანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება CNN
შეკითხვაზე, კონკრეტულად რომელი პირობები უარყო ირანმა, ვენსმა მთავარ პრობლემად თეირანის ბირთვული პროგრამა დაასახელა.
„საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვჭირდება მკაფიო ვალდებულება, რომ ისინი არ შეეცდებიან ბირთვული იარაღის მოპოვებას და არ მოძებნიან საშუალებებს, რომლებიც მათ სწრაფად შექმნის შესაძლებლობას მისცემთ.
კითხვა იმაში მდგომარეობს, ვხედავთ თუ არა ირანელების ფუნდამენტურ ნებას, რომ არ მოიპოვონ ბირთვული იარაღი არა მხოლოდ ახლა, არა მხოლოდ ორი წლის შემდეგ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც? ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ“, - განაცხადა ვენსმა.
ვენსს არ დაუკონკრეტებია, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რადგან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მან ასევე თქვა, რომ აშშ-მა ირანს შესთავაზა „საბოლოო და საუკეთესო წინადადება“, მაგრამ თეირანმა მასზე უარი თქვა. შედეგად, ამერიკული დელეგაცია შეთანხმების გარეშე ბრუნდება უკან და ახალი მოლაპარაკებების თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.