11 აპრილს უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს, რომლის შედეგადაც უკრაონამ 175 სამხედრო და 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა.
ტყვეების გაცვლის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები, რომლებიც უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით იცავდნენ: მარიუპოლში, ჩერნობილში, დონეცკის, ლუჰანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევის მიმართულებებზე, ასევე კურსკის ოლქში.
უკრაინის პრეზიდენტის მონაცემებით, მათ შორის არიან დაჭრილებიც და მათი უმრავლესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
„მადლობას ვუხდი თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც ავსებს ჩვენს გაცვლის ფონდს და ამით აახლოებს ჩვენი ხალხის დაბრუნებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის დაბრუნება რუსეთის ტყვეობიდან. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც ამ საქმეში გვეხმარება“, - აცხადებს ზელენსკი.
საკოორდინაციო შტაბმა ასევე განაცხადა, რომ გათავისუფლებულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 22 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი - 63 წლის.