აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაგეგმილია პარასკევს, 10 აპრილს, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართება.
ამის შესახებ, პლატფორმა X-ზე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა.
შარიფი მიესალმა ირანსა და შეერთებულშტატებს შორის მიღწეულ ზავს და მათი დელეგაციები პარასკევს ისლამაბადში მიიწვია, საბოლოო შეთანხმებაზე შემდგომი მოლაპარაკებების გასამართად.
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „ისლამაბადის მოლაპარაკებები“ ხელს შეუწყობს მდგრადი მშვიდობის მიღწევას და გვსურს უახლოეს დღეებში კიდევ ბევრი კარგი სიახლე გავუზიაროთ საზოგადოებას!“ - დაწერა შეჰბაზ შარიფმა.
შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი პირდაპირი მოლაპარაკებების რაუნდი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ომის დაწყების შემდეგ.
გამოცემა Axios-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებზე შეერთებულ შტატებს, სავარაუდოდ, წარმოადგენს ვიცე-პრეზიდენტი ჯი დი ვენსი, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ამ მოვალეობას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ასრულებდა.
„პირისპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, ვიდრე პრეზიდენტი ან თეთრი სახლი ოფიციალურად არ გამოაცხადებს,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა Axios-თან კომენტარში.