უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ახალგაზრდა დედა და მისი ორი წლის გოგონა, ასევე 53 წლის ქალი დაიღუპა. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლექსი კულებას თქმით, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები მოყოლილი.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ კიპერის ცნობით, დაღუპულთა შორის 30 წლის ქალი, მისი 2 წლისა და 6 თვის გოგონა, და 53 წლის ქალია.
მისი თქმით, კიდევ 15 ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, მათ შორის დაშავებულია ორსული ქალი და ორი ბავშვი: 7 თვის ბიჭი და 2 წლის გოგონა.
„დაშავებულებს აღენიშნებოდათ ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები, დამწვრობა, დაზიანებები და კვამლის შესუნთქვა. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების შეფასებით, ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - აღნიშნა კიპერმა.
ამასთან, კულებამ დასძინა, რომ შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ იყვნენ ადამიანები.
„მტერმა დარტყმა მიაყენა საცხოვრებელ სახლებს, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და ადმინისტრაციულ შენობებს. დარტყმა დაფიქსირდა მრავალსართულიან შენობაზე. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.