აშშ მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან აწარმოებს. ინფორმაციას The Jerusalem Post წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფთან აწარმოებენ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები „ძალიან ინტენსიური“ იყო და ირანს „ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა“.
მისი თქმით, მოლაპარაკებები გუშინ გაიმართა და საღამომდე გაგრძელდა.
„მათ (ირანს) ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა. ჩვენც გვსურს შეთანხმების მიღწევა. დღეს ალბათ ტელეფონით ვისაუბრებთ. ეს კარგი შეთანხმება უნდა იყოს. ომები აღარ უნდა იყოს და ბირთვული იარაღი აღარ უნდა იყოს. მათ ბირთვული იარაღი აღარ ექნებათ. ისინი ამაზე თანახმა არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის „თანხვედრა” არსებობს.
„ვნახავთ, სად მიგვიყვანს ეს. ჩვენ გვაქვს ძირითადი თანხვედრა. მე ვიტყოდი, თითქმის ყველა საკითხზე არსებობს თანხმობა“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ ესაუბრება ირანის „მაღალჩინოსან პირს“, თუმცა არა ახალ უზენაეს ლიდერს.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ „ადამიანთან, რომელიც ყველაზე პატივსაცემი კაცია“.
„ეს უზენაესი ლიდერი არ არის. მასზე არაფერი იციან. არც კი ვიცით, ცოცხალია თუ არა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.