აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობის მიზეზად იმიგრაცია დაასახელა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ წლების წინ აფრთხილებდა, რომ ქვეყანაში მიგრანტების დიდი რაოდენობით შეშვება პრობლემებს შექმნიდა.
„საფრანგეთში ახლა რაც ხდება, იმიგრაციას უკავშირდება და არა განათლებას ან სხვა რამეს. ეს იმიგრაციაა. პრეზიდენტ მაკრონს ვუთხარი, საზღვრები ჩაკეტე-მეთქი. პირველად, წლების წინ, ჯერ კიდევ ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს შევხვდი და მაშინვე ვუთხარი, რომ საზღვრები უნდა ჩაეკეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავი პრობლემა შეექმნებოდა“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მაკრონმა ეს რჩევა არ გაითვალისწინა და ახლა საფრანგეთს საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
„მათ ქვეყანაში შეუშვეს ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა სძულთ. სძულთ მისი ძეგლები, ხელოვნება. ვუთხარი, რომ ქვეყანას დაანგრევდნენ. მათ ეს გააკეთეს. საფრანგეთისთვის მდგომარეობის გამოსწორება რთული იქნება, თუმცა იმედი მაქვს, ქვეყანა ფეხზე დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები სკოლებთან დაკავშირებულ პრობლემებს კი არა, იმიგრაციას უკავშირდება. მისი თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა საზღვრები უნდა ჩაკეტონ და ქვეყნიდან კრიმინალები გააძევონ.