ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი მეთაურები „ღრმა ბუნკერებში“ იმყოფებიან, ხოლო მათი წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან ამერიკისა და ისრაელის მომავალი საჰაერო დარტყმებისგან, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალმა, ბრედ კუპერმა განაცხადა.
„მინდა, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი ამ არაჩვეულებრივ კონტრასტს იმ კომფორტსა და დაცვას შორის, რასაც ხედავთ ისლამური რესპუბლიკის უფროსი გენერლების, სულ მცირე, ცოცხლების, ღრმა ბუნკერებსა და ობიექტებში თეირანსა და მის შემოგარენში.
შეადარეთ ეს იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ადგილზე არიან და დაუცველები არიან. გენერლები დაცულები არიან. ჯარისკაცები არ არიან დაცულები“, – განაცხადა ბრედ კუპერმა.
მისი თქმით, ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ რეგიონზე თავდასხმების გაგრძელება მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
კუპერის განცხადებით, აშშ და ისრაელი რაკეტებისა და დრონების წარმოების ობიექტებს ესხმიან თავს.
„ჩვენს სამიზნეს ასევე წარმოება წარმოადგენს. ასე რომ, საქმე მხოლოდ დღევანდელ საფრთხეს არ ეხება. ვახორციელებთ მომავალი საფრთხის აღმოფხვრას, როგორც დრონების, რაკეტების, ასევე საზღვაო ძალების თვალსაზრისით“, - აღნიშნა კუპერმა.