დღევანდელი დღე დაფიქრების დღეა, მათ შორის დაფიქრებას ველით იმ ხალხის მხრიდან, რომელიც კითხვებს სვამს, არა მარტო პასუხზე, მომავალსა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზეც, თუ რა კითხვას სვამ, რა არის ამ კითხვაში ჩადებული, რას გინდა რომ მიაღწიო, რა პოლიტიკური მიზნები და ამოცანები გაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ადამიანებმა ყველაფერი უნდა გაიაზრონ.
„ხვალინდელი დღიდან შეგვიძლია, დავიწყოთ საუბარი იმ თემებზე, რომელიც აშკარად პოლიტიკური ნიშნითაა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს, მაგრამ ეს ბოდვა კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული. დღეს კიდევ ერთხელ გავიაზროთ რა მოხდა, რა მდგომარეობაა მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი, რა უნდა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს და შემდეგ გავცეთ პასუხი უკვე სააკაშვილსაც და ზურაბიშვილსაც და ნებისმიერ სხვას, ვისაც ამ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეკითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს, რატომ არ იყო საშვები დაშვებული რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში, ვოლსკიმ უპასუხა, რომ მასთან დაკავშირებითაც ექნებათ პასუხები.
„ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პასუხები, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელი დღე დაფიქრების დღეა. მათ შორის, დაფიქრებას ველით იმ ხალხის მხრიდან, რომელიც შეკითხვებს სვამს. არა მარტო პასუხზე, მომავალზე და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზეც, თუ რა კითხვას სვამ, რა არის ამ კითხვაში ჩადებული, რას გინდა რომ მიაღწიო, რა პოლიტიკური მიზნები და ამოცანები გაქვს. აქედან გამომდინარე, გავიაზროთ ყველაფერი და ხვალინდელი დღიდან უკვე დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი, რომელიც აშკარად პოლიტიკური ნიშნით არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამ დღეებმა აჩვენა, რომ პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული, ადამიანური დამოკიდებულება და დიდი სიმპათია მილიონზე გაცილებით მეტმა ადამიანმა გამოხატა.
"არა მხოლოდ ქრისტიანებმა, არამედ სხვა კონფესიის წარმომადგენლებმაც. ბევრი ხალხი ჩამოვიდა და მწუხარება გაიზიარეს. ეს იყო იმ დიდი ინტელექტის მანიფესტაცია, რომელიც ჩვენს ხალხს ისტორიული მემკვიდრეობით აქვს. ასევე, დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელზეც პატრიარქი საუბრობდა და რასაც გვასწავლიდა – ტოლერანტობა, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, დამოკიდებულება ოჯახის სიწმინდეების მიმართ და უამრავი სხვა რამ, რითაც საქართველომ დღემდე მოაღწია. მისმა საზოგადოებამ ეს მაღალი ცოდნა, ინტელექტი და დამოკიდებულება შეინარჩუნა. უამრავი ხალხის სიჩუმე გარკვეულ კდემამოსილებას და ქედის მოხრას გამოხატავდა იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც ვიყავით და რა განცდაც გვქონდა ყველას ერთად. ამ განცდამ, მწუხარებამ და დარდმა გაგვაერთიანა. ეს დღეები ყველამ ერთად გავიზიარეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.