ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სამიტების დროს რუსეთს დეტალურ ცნობებს აწვდის არავისთვის არის მოულოდნელი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ხანია, ამის შესახებ ეჭვები არსებობს.
„ის ამბავი, რომ ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის სამიტების შესახებ დეტალურად აწვდის ინფორმაციას, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი. დიდი ხანია, ჩვენ ეჭვი გვაქვს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვსაუბრობ მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია და ზუსტად იმდენს, რამდენიც საჭიროა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა Washington Post-ის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის უახლოესი გარემოცვის წევრები, მათ შორის უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირის სამიტების შესვენებებზე რეგულარულად უკავშირდებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და აწვდიდა ინფორმაციებს მიმდინარე განხილვებზე.