უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ნავთობტანკერების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქება რუსეთს ომის გასაგრძელებლად 10 მილიარდ დოლარამდე დამატებით მოგების საშუალებას მისცემს.
ამის შესახებ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ამ ომისთვის ზეწოლა გაგრძელდეს, რათა მიღწეულ იქნას ნამდვილი უსაფრთხოება და ხანგრძლივი მშვიდობა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ბლოკირება უნდა დაიძლიოს... ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეამსუბუქოს სანქციები რუსული ნავთობის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად ზღვაში ტანკერებზე ინახება.
ამერიკის მხრიდან მხოლოდ ამ შემსუბუქებამ, შესაძლოა, რუსეთს ომის წარმოებისთვის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი მისცეს. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მოგვიანებით დასძინა, რომ აშშ-ის მიზანი ბაზარზე სიტუაციის სტაბილიზაციაა. თუმცა, მან განაცხადა, რომ რუსეთი ამ თანხებს იარაღზე დახარჯავს, ძირითადად, უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებულ დრონებზე.
„როგორც უკვე ვხედავთ სადაზვერვო ანგარიშებიდან, იგივე დრონები გამოიყენება ირანის მეზობლების, ასევე ევროპელებისა და ამერიკელების წინააღმდეგ, რომლებიც იქ სხვადასხვა ბაზებზე არიან განლაგებული. ამიტომ, საბოლოო ჯამში, სანქციების მოხსნა ისე, რომ მეტმა დრონმა შეძლოს თფრენა, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება არ არის“, - თქვა მან.