საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან ქვეყნის პორტებში შესვლის უფლება არ მიეცემა, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა სიობჰან მაკგარმა ყულევის პორტის შესახებ „პუბლიკის“ კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ასევე აიღო ვალდებულება, რომ შეწყვეტს რუსული ნავთობის რეექსპორტს.
ევროკომისია განიხილავდა ყულევის პორტის სანქცირებას რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან ურთიერთობისა და იმ შეშფოთების გამო, რომ იგი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის“.
„ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ევროკავშირის სანქციებს“, - განაცხადა სიობჰან მაკგარმა.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა მაკა ბოჭორიშვილს წერილით შეატყობინა, რომ ყულევის პორტი არ მოხვდება სანქციების მე-20 პაკეტში. წერილის თანახმად, გადაწყვეტილება გადაიხედა მას შემდეგ, რაც „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს“.
„დევიდ ო'სალივანმა, მიიღო არაერთი პირობა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ჩვენთვის შემაშფოთებელი საქმიანობა შეწყდება. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ამიერიდან არცერთ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს არ მიეცემა პორტში შესვლის უფლება. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტენ რეექსპორტს და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რამდენად სრულდება ეს რეალურად“, - ამბობს სპიკერი.
სიობჰან მაკგარმა ასევე თქვა, რომ დამატებითი გარანტიები მიღებულია აზერბაიჯანული „სოკარისგანაც“, რომელიც ყულევის პორტის ოპერატორია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოვერიდებით ზომების მიღებას ნებისმიერი იმ აქტორის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად შეეცდება ჩვენი სანქციების ეფექტიანობის შესუსტებას“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.