გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
დავით სონღულაშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს უწყებების პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც საზოგადოების კმაყოფილების მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა - სამივე მიმართულებას აერთიანებს ერთი მთავარი მიზანი - მომხმარებლის უსაფრთხო სურსათით უზრუნველყოფა. ობიექტური რეალობაა, რომ დღეს მომხმარებელი უფრო მეტადაა დაცული. ბიზნესსექტორი ინფორმირებულია იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. გამართულია სახელმწიფო კონტროლის სისტემა. ჩვენი მიზანია, წარმოების ყველა ეტაპზე დამკვიდრდეს ის სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს საქართველოში წარმოებული პროდუქციის სანდოობას და კონკურენტუნარიანობას. გვაქვს ამბიცია, რომ სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებული იყოს მხოლოდ უვნებელი სურსათით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პლასტმასის გამოყენების შემცირების საკითხზე, პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამოქმედო გეგმაზე, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით არსებულ რეგულაციებზე და სამინისტროს სისტემაში მომსახურების პროცედურების გამარტივებაზე.
„მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში გამარტივდა მომსახურების პროცედურები. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მოქნილ მექანიზმზე ვმუშაობთ, რომელსაც უახლოეს მომავალში ავამოქმედებთ. მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა. მინდა აღვნიშნო, რომ მთავარ მიზნად დასახული გვაქვს საზოგადოების ნდობის და კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა“, - განაცხადა მინისტრმა.
კვირეულის გახსნის ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები.
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.