საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიების შეზღუდვა ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმაა, რასაც ვერ გაიზიარებს.
ბოჭორიშვილის თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩისგან ვერ მოისმინა არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა ქართული ტელევიზიების დასანქცირებაზე ლონდონის გადაწყვეტილებას.
„ეს არის შეფასებები, რომლებიც ვიღაცამ გააკეთა რაღაცაზე დაყრდნობით, ხომ? კონკრეტული მაგალითები ელჩისგან არ მომისმენია. 40 წუთის განმავლობაში, არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა ლონდონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ყველაფერს გავეცანი, ვეცნობი აბსოლუტურად ყველაფერს. როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს, ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, ისევე, როგორც ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, ბრიტანეთის ელჩს სთხოვა, წარმოედგინა მტკიცებულებები, რაც საფუძვლად უდევს მსგავს გადაწყვეტილებებს.
„ყველა კითხვა დავსვი ელჩთან. ვთხოვე, წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რასაც აგზავნის ლონდონში, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა რეაგირების მექანიზმები არ აქვს. ჩვენი რეაგირების მექანიზმია, ვთხოვოთ მეორე მხარეს, წარმოადგინოს საფუძვლები, რას ემყარება გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ ვსვამთ კითხვას: რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა და რა კავშირი აქვს მას საერთოდ რუსეთთან ბრძოლასთან, როგორც ისინი გვეუბნებიან რომ ებრძვიან რუსეთს. ვერაფრით ვერ დავეთანხმები ვერავის, რომ ასეთი მეთოდებით საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე. ამაზე ვერ დავეთანხმები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ბრიტანეთის მხარესთან მუშაობა გაგრძელდება.
„რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ბრიტანეთის მხარესთან, სხვადასხვა ფორმით გვექნება კომუნიკაცია. ჩვენც გვაქვს საელჩო დიდ ბრიტანეთში და რა თქმა უნდა, საელჩოს არის აქ და კომუნიკაცია გვაქვს. რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამაზე მიჭირს საუბარი, ვნახოთ, დაველოდოთ, თუ იქნება რაიმე კონკრეტული წარმოდგენილი ბრიტანული მხრიდან“,-აღნიშნავს მინისტრი.