კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება. ეს კიდევ ერთი ცვლილებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში წარდგენილ და პირველი მოსმენით უკვე მიღებულ პროექტში აისახება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული შენიშვნა და პირის მიმართ უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დადგება.
ამასთან, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც შემოდის და “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი - 316-ე პრიმა მუხლი ემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს: - საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქის სტატუსის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება, ასევე ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა ან ამ პირის მიერ სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 - წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით ჩადენილი დანაშაული. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის მოსახდელი ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის მინიმალურ ვადას.