ცხადია, ჩვენ ვიცით ანგარიშის შესახებ. ეს შემაშფოთებელია. ჩვენ ვიცით ბატონი ნავალნის საქმის შესახებ და რა თქმა უნდა, არ გვაქვს მიზეზი, რომ ის ეჭვქვეშ დავაყენოთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
შეკითხვაზე, რატომ არ შეუერთდა აშშ ხუთი ქვეყნის განცხადებას, რუბიომ თქვა, რომ ეს ევროპული ქვეყნების ინიციატივა იყო.
„ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და ეს არ ნიშნავს, რომ შედეგებს არ ვეთანხმებით. უბრალოდ, ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. ხანდახან ქვეყნები დამოუკიდებლად მოქმედებენ მათ მიერ შეგროვებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა რუბიომ.
დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების გამოძიებით 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი რუსეთის ციხის კოლონიაში სასიკვდილო ტოქსინით - ეპიბატიდინით, ხის ბაყაყის შხამით მოწამლეს.