შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ცოტა ხნის გამოაცხადა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით. ამასთან, მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა უარი განაცხადა. აღნიშნულით გაღიზიანებულმა კი არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.