მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ერთგულია“ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ.
ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ტომი პიგოტის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუბიო შაბათს მიუნხენში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ლიდერებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი მიმდინარე კონფლიქტები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და დასავლეთ ნახევარსფეროში.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ვენესუელაში სტაბილურობის ხელშეწყობისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართმ“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუბიომ და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს G7-ის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.