უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპას აღარ შეუძლია ამერიკის დაცვას დაეყრდნოს, უკრაინა კი ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.
ამის შესახებ სიბიჰამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის სახლის გახსნაზე განაცხადა.
გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ მიმდინარე კონფერენციის უკრაინაზე ფოკუსირება გამართლებულად და გარდაუვლად მიაჩნია.
„ჩვენ ახალ ეპოქაში შევედით. ევროპისთვის უსაფრთხოების აუთსორსინგი დასრულდა. დადგა დრო, გავაძლიეროთ ჩვენი შინაგანი ძალა. და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უკრაინა ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი გახდება... სწორედ ამიტომ, სამართლიანია, რომ უკრაინული სახლი ამერიკული და გერმანული სახლების გვერდით იყოს. ეს ასახავს უკრაინის გადამწყვეტ როლს კოლექტიურ უსაფრთხოებაში“, - თქვა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა აღიაროს ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც ევროპულ სახელმწიფოებს აღარ შეუძლიათ ამერიკის დაცვაზე დაყრდნობა.
„დრო, როდესაც ევროპა გარე ძალებზე იყო დამოკიდებული, დასრულდა. როგორც ვთქვი, აუთსორსინგი აღარ იქნება. ჩვენ საკმარისი საკუთარი ძალები გვყავს. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ ეს - და უკრაინა ამ რეალური ევროპული ძალის მთავარი წყაროა“, - განმარტა მან.
სიბიჰამ ასევე დასძინა, რომ უკრაინა სიამოვნებით გააძლიერებდა ევროპის თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნას.
„ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. და მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - აღნიშნა მან.