ცვლილებების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის სტატუსი - მას, როგორც წამყვან და დედაქალაქში მოქმედ ერთადერთ მრავალპროფილურ უნივერსიტეტს, დაუბრუნდება პირვანდელი მისია,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისადა ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც მიქანაძემ აღნიშნა, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება.
„ცვლილებების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის სტატუსი. როგორც მოგეხსენებათ, 1990-იან წლებამდე, ვიდრე საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მოქმედი ერთადერთი უნივერსიტეტი იყო. ყველა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუტის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მართალია, არ იქნება ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, მაგრამ მას, როგორც წამყვან და დედაქალაქში მოქმედ ერთადერთ მრავალპროფილურ უნივერსიტეტს, დაუბრუნდება პირვანდელი მისია, რომელიც მან 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად, ნაწილობრივ დაკარგა, ხოლო 2004-2012 წლებში, იმ დროინდელი ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, წაართვეს.
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უზრუნველყოფილი არ არის. უნივერსიტეტებში მისაღები კვოტების სწორი პრინციპების შესაბამისად განსაზღვრა, ამ შედეგის მისაღწევად კარგ და აუცილებელ ნიადაგს შექმნის”, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.