ცარიელი ფურცელი და 15 წელი არის ამ საქმეში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეზე, რომლის პროცესიც დღეს უნდა გაიმართოს, მოწმეც არ არსებობს.
„ცარიელი ფურცელი და 15 წელია, ამ საქმეში, მეტი არაფერია. შეგიძლიათ, პროკურორსაც დავუსვათ ჩემზე კითხვა, რა დევს საქმეში, კონკრეტულად დაასახელოს ორი მტკიცებულება, რაც დევს საქმეში. ამბობენ, რომ მოსმენები, ჩანაწერები, აუდიო, ერთი მაინც მოიტანოს ჩემი ან მოსმენა ან აუდიო ჩანაწერი, ან რამე, არც შეხვედრები დევს, არაფერი არ დევს. 15-წლიან საქმეზე მოწმეც არ არსებობს, უბრალოდ არის ცარიელი ფურცელი და გვეუბნებიან, რომ შეწყვიტეთ ბრძოლა სამართლიანობისთვის, შეწყვეტიეთ ბრძოლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უარი თქვით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, უარი თქვით, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს თანაბარი ცხოვრების უფლება. ჩვენ ხომ ამის გჯერა, ამის გვწამს და ამიტომ ვართ პოლიტიკაში, ეს არის მთელი შინაარსი, სხვა არაფერი. დანარჩენი ვნახოთ“, – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.