ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ პროპაგანდის მიზნით კომისიების შექმნის, "სუს"-ის გამოძიებების და პოპულისტური შოუების მიუხედავად, ხელისუფლება ფასების შემცირებას ვერ ახერხებს, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წლიდან წლამდე გაზრდილი ფასები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 14 წლის წინ ხელისუფლებაში ფასების შემცირების დაპირებით მოვიდა, ყოველდღიურად აძვირებს ცხოვრებას და აღარიბებს ხალხს.
"პოლიტიკურად გაკოტრებულმა ძალამ კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების მოტყუება და მაღალი ფასების წინააღმდეგ პოპულისტური კამპანია დაიწყო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული.
გუშინ ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ პროპაგანდის მიზნით კომისიების შექმნის, "სუს"-ის გამოძიებების და პოპულისტური შოუების მიუხედავად, ხელისუფლება ფასების შემცირებას ვერ ახერხებს. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან დღეს ქვეყანას ივანიშვილის
კორუმპირებული "ქართული ოცნება" მართავს, რომელსაც არ შესწევს უნარი უპასუხოს საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი მათ სოციალურ პრობლემებს.
ეს უკვე დაადასტურა სტატისტიკის სამსახურმა, რომლის თანახმადაც, იანვარში ზოგადმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო სურსათზე ფასები 10.6%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, მკვეთრად გაძვირდა სახელმწიფო სერვისები, საშუალოდ 150%-ით, მაგალითად, ჩვენს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ ქვეყანაში ქორწინების რეგისტრაცია 50%-ითაა გაძვირებული.
ეს მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უფრო და უფრო მძიმდება, ასიათასობით ადამიანს არ ჰყოფნის შემოსავალი თვიდან თვემდე საარსებოდ და არჩევანის გაკეთება უწევს კომუნალური გადასახადის გადახდას, მედიკამენტის შესყიდვას და საკვების შეძენას შორის.
წლიდან წლამდე გაზრდილი ფასები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 14 წლის წინ ხელისუფლებაში ფასების შემცირების დაპირებით მოვიდა, ყოველდღიურად აძვირებს ცხოვრებას და აღარიბებს ხალხს, რათა ეფექტურად დაიმორჩილოს და შეუფერხებლად მართოს!" - განაცხადა გიორგი სიორიძემ.