ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ეხმიანება კრიტიკას ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვასთან დაკავშირებით.
„დაე, ტექნოოლიგარქებმა იყეფონ, სანჩო, ეს ნიშანია, რომ ჩვენ ცხენზე ვსხედვართ“, - წერს პედრო სანჩესი სოციალურ ქსელში.
3 თებერვალს ესპანეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში აიკრძალება სოციალური ქსელები 16 წლამდე ბავშვებისთვის.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი, რომელმაც თქვა, რომ ესპანეთის გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტი, რათა ხელისუფლებებმა სოციალური ქსელის ყველა მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვონ და ეს, შესაძლოა, გამოყენებული იყოს ინსტრუმენტად ოპოზიციის დევნისთვის.
ესპანეთის გადაწყვეტილება ასევე გააკრიტიკა სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმაც. მან პედრო სანჩესს ფაშისტი და ტოტალიტარი უწოდა.