გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმიანება.
ის წერს, რომ მისი ვიზიტისას საქართველოში, 2023 წელს დააფიქსირა სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი უფლებადამცველებისკენ მიმართული სამთავრობო რეპრესიები.
"2021 წელს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო პერიოდული მიმოხილვის (UPR) ბოლო ანგარიშის შემდეგ, ჩემმა მანდატმა ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას 8 მიმართვა გაუგზავნა (დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად), რომელთაგან არცერთზე პასუხი არ მიგვიღია. მე ასევე ვიმყოფებოდი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და 2024 წლის მარტში ჩემი ანგარიში წარვუდგინე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს.
ჩემი ვიზიტის დროს მე დავაფიქსირე ადამიანის უფლებათა დაცვის სივრცის სერიოზული შევიწროება საქართველოში, რაც გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო რეპრესიებით.
2023 წლიდან უფლებადამცველები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ. 2025 წლის მაისიდან ძალაში შესული კანონი აიძულებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, დარეგისტრირდნენ „უცხოური ინტერესების“ გამტარებელ ორგანიზაციებად და წარადგინონ დეტალური წლიური ფინანსური დეკლარაციები.
მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება გამოაცხადა, მასობრივ პროტესტს მოჰყვა ადამიანის უფლებათა სავარაუდო ფართომასშტაბიანი დარღვევები, ძალის გადამეტებული გამოყენება და დაკავებისას წამების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლამდე საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო რეფორმები შეკრებების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის შესახებ, რაც სერიოზულად ზღუდავს ადამიანის უფლებათა დაცვის შესაძლებლობას.
სამოქალაქო საზოგადოება ასევე გახდა ახალი კანონების სამიზნე, მათ შორის არის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი“ (FARA) და „კანონი გრანტების შესახებ“, რომელიც ორგანიზაციებს გრანტების მიღებას ან განახლებას უზღუდავს მთავრობის თანხმობის გარეშე.
ამ კანონების პარალელურად, საქართველოში უფლებადამცველები აწყდებიან დისკრედიტაციის კამპანიებსა და ყალბ სისხლის სამართლის საქმეებს, მათ შორის „საბოტაჟის“ მუხლით. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები არიან LGBTIQ+ უფლებადამცველები, მათ შორის ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის კანონის“ მეშვეობით.
საქართველომ უნდა:
გააუქმოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი“ და ბოლო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში;
გააუქმოს ბოლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში;
გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“;
გადახედოს ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციონირებას და უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო კონტროლი იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უფლებადამცველი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვას ეხება;
იმუშაოს ჩემი ქვეყნის ვიზიტის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
სრულად უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან;
შეწყვიტოს დისკრედიტაციის კამპანია უფლებადამცველი ორგანიზაციების, უფლებადამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და სამთავრობო მედიასაშუალებების მხრიდან", - წერს ლოლორი.