ევროკავშირი უკრაინისთვის დროებითი პრივილეგიების პაკეტზე მუშაობს, რომელიც სრულუფლებიანი წევრობის გარეშე ევროპულ ბაზარსა და ინსტიტუტებზე უფრო ფართო წვდომას ითვალისწინებს.
ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ახალი წინადადება გაჩნდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა უარი თქვეს ევროკომისიის იდეაზე ე.წ. „დაჩქარებული გაფართოების“ შესახებ, რომელიც უკრაინის გაწევრიანებას ძირითადი რეფორმების დასრულებამდე ითვალისწინებდა.
ამის ნაცვლად ბრიუსელში განიხილება „დაჩქარებული ეტაპობრივი ინტეგრაციის“ მოდელი, რომელიც უკრაინას უკვე ახლა მისცემს მნიშვნელოვან სარგებელს, პარალელურად კი ქვეყანა გააგრძელებს წევრობისთვის საჭირო რეფორმების შესრულებას.
დიპლომატის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ „უახლოეს პერიოდში წევრობა რთულად წარმოსადგენია“, თუმცა საჭიროა პოზიტიური გეგმა, რომელიც თანამშრომლობას გააძლიერებს.
Politico-ს ცნობით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობენ გერმანია და საფრანგეთი.
გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება შეუძლებელია. ამასთან, მან შესთავაზა კიევს მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს ევროპული საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე და ჩაერთოს ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმატებში.
ამავე დროს, უკრაინა კვლავ ითხოვს კონკრეტულ ეკონომიკურ დახმარებას და პრაქტიკულ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან.