„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომლის თნმახმად საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია, ქვეყანამ 114-ე ადგილიდან 135-ზე გადაინაცვლა.
"ჟურნალისტების უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა გლობალურად საფრთხის ქვეშაა", - ნათქვამია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში.
ორგანიზაცია, რომელიც 2002 წლიდან ყოველწლიურად აფასებს გლობალური ჟურნალისტიკის მდგომარეობას, პრესის თავისუფლებას განსაზღვრავს როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალურ და კოლექტიურ შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მოიძიონ, მოამზადონ და გაავრცელონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია - პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური ჩარევის გარეშე და ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხეებისგან თავისუფალ გარემოში.
ყველაზე თავისუფალი ქვეყნები - მათ შორის ტოპ-ოთხეული: ნორვეგია, ესტონეთი, ნიდერლანდები და დანია ძირითადად ევროპაში მდებარეობს, მაშინ როცა აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ნაწილში ჟურნალისტები ყველაზე მკაცრ და რთულ პირობებში მუშაობენ.
ინდექსის მიხედვით, შეფასებული 180 ქვეყნიდან ნახევარზე მეტში მდგომარეობა „რთული“ ან „ძალიან სერიოზულია“. „კარგი“ მდგომარეობა მსოფლიოს მხოლოდ შვიდ ქვეყანაშია, „დამაკმაყოფილებელი“ რეიტინგი კი – 36 ქვეყანას აქვს.
ინდექსის მიხედვით საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით გაუარესდა და ქვეყანამ 180 ქვეყანას შორის 114-ე ადგილიდან 135-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო 40.77 ქულით „რთულ“ კატეგორიაშია.
რაც შეეხება „ძალიან სერიოზულ“ კატეგორიას, აქ ძირითადად, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთის, შუა და სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ფიგურირებენ.