პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 4 ნოემბერს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის ჩატარების ყველაზე სავარაუდო ადგილი აბუ-დაბია. ამის შესახებ The Guardian წერს.
ტუსკი ასევე გამოეხმაურა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრრ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მისი თქმით, საუბარი მასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ შედგა.
ტუსკის განცხადებით, ევროპულ მხარეს აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე პროგრესის მიღწევის იმედი აქვს, თუმცა ეს იმედი საკმაოდ ფრთხილია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მიმართ ძალიან ფრთხილი პოზიცია აქვს. მან ასევე მოუწოდა სტუბსა და სტორეს, პუტინთან მოლაპარაკებებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
„ილუზიები არ უნდა შევიქმნათ. ნათელია, რა თამაშს თამაშობს რუსეთის მხარე, თუმცა მუდმივ კონტაქტს შევინარჩუნებ ყველასთან, ვისაც კეთილი ნება აქვს და სჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, ან, სულ მცირე, ზამთრის დადგომამდე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მაინც მოხერხდება“, - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები 4 ნოემბერს გაიმართება.
მისი თქმით, მხარეები შეხვედრის თარიღზე ჯერ კიდევ მსჯელობენ და ელოდებიან ამერიკული დელეგაციის დასტურს. აშშ-ის დელეგაცია მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს.