პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია. გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან ამ აქტის შესაბამისად მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. ამაში რა არის ისეთი სენსაციური, არაჰუმანური და საშინელება, რომ რატომ გამოეცი შეწყალების აქტი საღამოს და დილიდან რატომ დაიწყება ამ ხალხის განთავისუფლებაო, –ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ ნათლისღებას შეწყალების აქტს გამოსცემდა. 20 იანვარს დაიწყება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. რა არის ამაში დაუძლეველი, ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება? შეწყალების აქტის გამოცემას წინ უძღვის მთელი რიგი პროცედურების გავლა, სადაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებია ჩართული. ეს აქტი არ ხორციელდება ერთ საათში. გარკვეული დროის განმავლობაში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და ამ მუშაობის დასრულების შემდეგ ხდება შესაბამისი აქტის გამოცემა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ რამდენიმე საათში იწყება გათავისუფლების პროცედურა, მაგრამ დღეს ამას მოჰყვა აჟიოტაჟი.
„ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციური ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გარკვეული სეგმენტი ამბობდა, რომ აქტის გამოცემის შემდეგ ეს ხალხი უნდა გათავისუფლდესო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა პროპაგანდა, რომ ჩვენ არავითარი შეწყალება არ გვინდა და რომც შეგვიწყალოს, ამ არალეგიტიმური პრეზიდენტისგან ამას და იმას არ მივიღებთ და ა.შ. მიზანია, რომ საზოგადოებაში მუდმივად დაპირისპირებისა და დაძაბულობის მუხტი შენარჩუნდეს. პატიმართა მშობლებმაც იციან, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, მიმართვა მაინც არის საჭირო. რეალურად, როდესაც ვინმეს უნდა, ვინმე შეიწყალოს, ქმედებები სხვანაირია. არც ელოდებიან და არც სურვილი ჰქონდათ. პატიმრის გულშემატკივრებს და მშობლებს როცა ადამიანის შეწყალება სურთ, იქ სხვანაირი რიტორიკა და ქმედებები მიდის. ჩვენ პირიქით, სხვა რიტორიკას და ქმედებებს ვხედავდით მთელი ამ დროის განმავლობაში და მიზანი არა შეწყალების მიღწევა, არამედ სწორედ ამ სპეკულაციის, სპეკულანტური, დაძაბული გარემოს რამენაირად შექმნა იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.