ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ღაზის „მშვიდობის საბჭოში" მიწვევა მიიღო.
როგორც ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსლან ვარანკოვმა აღნიშნა, ბელარუსულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა შეერთებული შტატების წინადადებას.
„ჩვენ ასევე ამ წინადადებას ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურის პირადი დამსახურებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის აღიარებად მივიჩნევთ. წინადადება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს წარედგინა და მის მიერ დადებითად იქნა მიღებული“, - აღნიშნა მან.
ვარანკოვმა დასძინა, რომ ბელარუსი მზადაა მონაწილეობა მიიღოს „მშვიდობის საბჭოს“ საქმიანობაში, „იმის გათვალისწინებით და იმედით, რომ ეს ორგანიზაცია გააფართოვებს თავის მოქმედების არეალს და უფლებამოსილებებს ინიციატივით შეთავაზებული მანდატის მიღმა“.
„ეს მას საშუალებას მისცემს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა გლობალურ პროცესებში ნებისმიერი საერთაშორისო კონფლიქტის მოსაგვარებლად, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას, რომელსაც ბელარუსი აქტიურად უჭერდა მხარს ბოლო წლებში“, - აღნიშნეს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში.