ირანმა რუსეთს 2.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებოდა. ინფორმაციას Bloomberg დასავლელი უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა რუსეთთან დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტებთან დაკავშირებით კონტრაქტი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე გააფორმა.
Bloomberg-ის ცნობით, შეთანხმება 2021 წლის ოქტომბერში, ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გაფორმდა.
შესყიდვები მოიცავს: Fath-360-ის ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ ასობით ბალისტიკურ რაკეტას, სხვა ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ 500 რაკეტას, მიწა-ჰაერი კლასის 200-მდე რაკეტას.
ირანმა რუსეთს ასევე მიაწოდა მილიონობით საბრძოლო მასალა და საარტილერიო ჭურვი, ასევე Shahed-136-ის ტიპის „კამიკაძე“ დრონები და ტექნოლოგია რუსეთის ტერიტორიაზე მათი წარმოებისთვის. დრონებთან დაკავშირებული კონტრაქტი, რომელსაც ხელი 2023 წლის დასაწყისში მოეწერა, 1.75 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მედია წერს, რომ საერთო ჯამში, რუსეთმა 2021 წლის ბოლოდან ირანის სამხედრო აღჭურვილობაზე 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.