უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა რუსეთის მხრიდან 9 იანვრის ღამეს შესაძლო მასშტაბური დარტყმის შესახებ.
„არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა დღეს ღამით რუსეთის მხრიდან ახალი მასშტაბური დარტყმა განხორციელდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ხვალ, მუდმივად ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშს და თავშესაფარში ჩახვიდეთ. რუსები არ იცვლებიან, ისინი ცდილობენ ისარგებლონ ამინდით. მე მთავრობას დავავალე, დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებას და მაქსიმალური დახმარება გაუწიოს ყველა ჩართულ პირს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამინდის პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა სხვადასხვა რეგიონში, ბევრი პრობლემაა გზებსა და ელექტროქსელში.
„ფაქტობრივად, ეს საგანგებო მდგომარეობაა ყველა სამსახურისთვის. ჩვენ შევთანხმდით უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, რომ მთავრობა მოამზადებს გადაწყვეტილებას - ასეთი ამინდის პირობების დროს, უახლოეს დღეებში - იმის უზრუნველსაყოფად, რომ არაკრიტიკულმა დაწესებულებებმა და ოფისებმა შეძლონ ადამიანების სახლში დატოვება“, - განაცხადა ზელენსკიმ მიმართვისას.