ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე შუქი აუნთო“ რუსეთის წინააღმდეგ ორპარტიული სანქციების შესახებ კანონპროექტს. ამის შესახებ გრემი X-ზე წერს.
„პრეზიდენტ ტრამპთან დღეს ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, რომელიც სხვადასხვა საკითხზე გაიმართა, მან მწვანე შუქი აუნთო რუსეთის წინააღმდეგ ორპარტიულ სანქციების კანონპროექტს, რომელზეც მე თვეების განმავლობაში ვმუშაობდი სენატორ ბლუმენტალთან და ბევრ სხვასთან ერთად.“ - წერს გრემი.
გრემი დარწმუნებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება დროულია, რადგან „უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, პუტინი კი მხოლოდ ლაპარაკობს და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას აგრძელებს“.
ამავდროულად, გრემი აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი ტრამპს საშუალებას მისცემს დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც ყიდულობენ იაფ რუსულ ნავთობს, რაც პუტინის საომარ მანქანას კვებავს.
„ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს მნიშვნელოვან ბერკეტს მისცემს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რათა შეწყვიტონ იაფი რუსული ნავთობის ყიდვა, რომელიც აფინანსებს პუტინის მიერ უკრაინაში სისხლიან ანგარიშსწორებას.
მოუთმენლად ველი ორპარტიული კენჭისყრის ძლიერ შედეგებს, იმედია, უკვე მომავალ კვირას,“ - წერს სენატორი.