ვაშინგტონის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, კუბის კომუნისტური რეჟიმი შესაძლოა კრახის წინაშე აღმოჩნდეს.
ამის შესახებ გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა. იუწყება The Hill.
„კუბაში კომუნისტურ დიქტატურას მადუროს დამხობის შემდეგ გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვს. ყველაფერი დასრულებულია, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - თქვა გრემმა.
გამოცემა ასევე იხსენებს ტრამპის სიტყვებს, რომ კუბის რეჟიმი „მზადაა დაცემისთვის“. ვიანიდან, კუბა ვენესუელას ახლო მოკავშირეა და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ქვეყნიდან ნავთობის იმპორტზე.
გამოცემა, კუბაში არსებული ვითარების შესახებ წერს, რომ ქვეყანა 60 წელზე მეტია კომუნისტური დიქტატურის მმართველობის ქვეშ იმყოფება.
Human Rights Watch-ის“ მონაცემები კი აჩვენებს, რომ 2024 წლის მდგომარეობით, კუბის მთავრობა „აგრძელებს განსხვავებული აზრისა და საზოგადოებრივი კრიტიკის ყველა ფორმის ჩახშობას და დასჯას“ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომლის მშობლებმაც კუბა დატოვეს და აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად, ასევე განაცხადა, რომ კუბის რეჟიმი მადუროს დაკავების შემდეგ მშვიდად არ უნდა იყოს.
მან აღნიშნა, რომ კუბაში არსებული სიტუაცია ძალიან ჰგავს ვენესუელაში არსებულ სიტუაციას და ვაშინგტონს სურს დაეხმაროს კუბელებს და იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ეს ქვეყანა.
კუბის მთავრობამ დაგმო მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის დაკავების ოპერაცია და მას „დანაშაულებრივი აქტი“ უწოდა.
კუბის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა, მოითხოვა მათი გათავისუფლება და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, „არ დაუშვას გაერო-ს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ ხასიათისა და სიმძიმის აგრესიის დაუსჯელად დატოვება“.