უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები რუსეთთან ომის მშვიდობიანი მოგვარების ფარგლებში, რადგან ეს ეწინააღმდეგება უკრაინის კანონმდებლობას, საზოგადოების პოზიციას და ადგილზე არსებულ რეალურ ვითარებას. ამის შესახებ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, ტერიტორიული საკითხი ომის დასრულების მოლაპარაკებებში ყველაზე რთულია და ის ერთადერთი საკითხია, სადაც უკრაინისა და რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება.
„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დავტოვოთ ჩვენი ტერიტორიები. ეს ჩვენი კანონის მიღმაა. ეს მხოლოდ კანონის საკითხი არ არის - იქ ხალხი ცხოვრობს, ჩვენი არმია იქ არის,“ - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალდა.
მისი თქმით, იქ ადამიანები დაშავდნენ და დაიღუპნენ, ამიტომ ტერიტორიული საკითხი ფორმალურად ან წმინდა პოლიტიკურად არ შეიძლება განიხილებოდეს.
მან ასევე დაადასტურა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა დაახლოებით 90%-ით არის შეთანხმებული.
მხოლოდ ორი საკითხი რჩება გადაუჭრელი, რომელთაგან მთავარია ტერიტორიული საკითხი.
„როდესაც 90% ვთქვი, ეს სიმართლეა. მხოლოდ ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს - ეს ტერიტორიებიაა. და ეს უთანხმოებები არა ამერიკელებთან, არამედ რუსებთანაა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ შეერთებულს შტატებს ესმის მხარეების პოზიციების და ცდილობს კომპრომისული გადაწყვეტილებების პოვნას.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ აჩვენა ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო პროცესის წინსვლისკენ არის მიმართული.
ტერიტორიებთან დაკავშირებით რეფერენდუმის შესაძლებლობის კომენტირებისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი დადებით შედეგს არ მოიტანს და უკრაინის საზოგადოება მხარს არ დაუჭერს.
„ყველას მშვიდობა სურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ტერიტორიების დათმობაზე რეფერენდუმი უკრაინისთვის დადებით შედეგს არ მოიტანს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ სამშვიდობო გეგმა დამტკიცდება, ეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის დიდი პოლიტიკური წარმატება იქნება, რადგან მოლაპარაკებების პროცესი მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
ზელენსკიმ ასევე უპასუხა ტრამპის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, თითქოს , „სურს წარმატებული უკრაინა იხილოს“. ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი ამით აშშ-ის სანქციების თავიდან აცილებას ცდილობს.