ოკუპირებულ ცხინვალში, ე.წ. სასამართლომ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Sapa Media მის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადვოკატი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
მედია ასევე წერს, რომ აქტივისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ე.წ. სპეცსამსახურის თანამშრომლებმა სტრატეგიული ობიექტი შენიშნეს.
ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. დე ფაქტო რეჟიმი მას „ჯაშუშობას“ ედავება, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობდა უფლებების სისტემურ შეზღუდვებზე და დე ფაქტო ხელისუფლების შიდა პრობლემებზე. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი პროტესტის ნიშნად საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.
მეარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, თუმცა წინა ბრალდებები 2023 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო მოიხსნა.